თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კომუნიკაციისა და დებატების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც გურამ ნიკოლაშვილმა თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კომუნიკაციის აღდგენა არის ერთადერთი სწორი ფორმა და ლეგიტიმური საშუალება  იმისათვის, რომ დესტრუქციული ქუჩის პროცესი დასრულდეს. გურამ ნიკოლაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ კომუნიკაციისა და დებატების აღდგენის მნიშვნელობას სულ უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი გაიაზრებს. 

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კომუნიკაცია და დებატები აღდგეს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იმედი მაქვს, რომ  საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსია სხვა ფორმატში გადავა, რადგან დესტრუქციას არანაირი შედეგი არ მოაქვს. თბილისის საკრებულოში შემოსვლისას გამოვთქვი იმედი, რომ ეს იქნებოდა სამაგალითო ადგილი, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მოხარული ვარ, რომ ეს ასეც არის“- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.