შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ანდრონიკაშვილისა და ქერჩის ქუჩები სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაოებში ჩართული იყო სპეცტექნიკაც.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ, თბილისის საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა.

„მსგავს აქციებს დედაქალაქში პერიოდულად ვატარებთ. ამჯერად, გლდანში ვიმყოფებით. სწორედ ამ რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეღავათიან ფასში განათავსონ სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, მეორადი ნივთები. ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებთ, ნუ დატოვებენ ამ სახის ნარჩენს ურნებთან, ეს ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის დასუფთავების კუთხით. ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენს ქალაქს და ნარჩენები განვათავსოთ მხოლოდ კანონიერად“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:

1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი;

5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი;

10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.