განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე (UNSDCF 2026–2030), რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოში გაეროს გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და დამტკიცდა ორწლიანი სამუშაო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია განათლების მიმართულებას.
სამუშაო გეგმის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტები და მათი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელების გზები. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გაფორმებული 2026 წლის ერთობლივი სამუშაო გეგმის შესრულების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტზე დაფუძნებული ერთობლივი გეგმები სამინისტროსა და UNICEF-ს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
საუბარი შეეხო UNDP-ის 2026–2030 წლების პროგრამული დოკუმენტის ფარგლებში საქართველოს პროგრამის დოკუმენტის (CPD) მიღების საკითხს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული ინსტრუმენტების (სამუშაო გეგმების) ეფექტიანად და კოორდინირებულად განხორციელების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის გაძლიერების გზით ახალგაზრდებისა და სხვა ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების ზრდის საკითხზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე არაერთი აქტივობა ხორციელდება და საქართველოში გაეროს მოქმედი სააგენტოების მეშვეობით, მზად არის აქტიურად ჩაერთოს აღნიშნული პროცესის მხარდაჭერაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ადრეული აღზრდისა და ინკლუზიური განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობას.








