კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები თბილისშიც. დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე შეუჩერებლად იწმინდება გზები.

მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად იყრებოდა ტექნიკური მარილი ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე.

"თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და რამდენიმე ასეული თანამშრომელი.

"უხვი ნალექის მოსვლისთანავე, "თბილსერვის ჯგუფის" ყველა თანამშრომელი მაშინვე გადავიდა 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე. ასზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა და 230-მდე ცოცხალი ძალა გამოსულია ყოველდღიურად, როგორც ცენტრალურ გამზირებზე, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე მარილის დასაყრელად და თოვლისა და ყინულის ზედაპირის დასამუშავებლად.

დღის მეორე ნახევარში გათვალისწინებულია გამოდარება, შესაბამისად, სრული დატვირთვით, შესვენებების გარეშე, მთელი თბილისის მასშტაბით ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

ყველა წერტილზე გვაქვს ინფორმაცია, როგორც საპატრულო პოლიციისგან, ასევე სამარშრუტო ტაქსებისა და დისპეტჩერებისგან, თუ სად არის საშიში სიტუაცია, სად არის მოყინული, ან უხვი ნალექი, რომელ აღმართზე უჭირთ მანქანებს გადაადგილება - გადავაწყობთ ტექნიკას ამ მიმართულებით და ვიწყებთ დამუშავებას", - განაცხადა გიორგი პაპავამ.