სტრასბურგში გაგზავნილ საქმეს თან ერთვის სააკაშვილის არაერთგვაროვანი  წამების ფაქტები, მაგალითად გლდანის ციხეში მას მუდმივად ანთებული შუქის ქვეშ უწევდა ძილი - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ფორმულასს“ ეთერში განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ მიხეილ სააკაშვილის  საქმეს თან ერთვის ბევრი ისეთი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში არ გასაჯაროებულა, არაერთგვაროვანი  წამების ის ფაქტები, რომელიც  დადასტურებული არის. მაგალითად, პრეზიდენტი სააკაშვილი მუდმივად იყო განგრძობადი წამების მსხვერპლი გლდანის ციხეში, როდესაც მას დღეების განმავლობაში უწევდა ხმამაღალი ჩართული ტელევიზორის წინ და ანთებული სინათლის მქონე ოთახში ძილი იმიტომ, რომ როგორც კი გამორთავდა შუქს, მაშინვე პატიმრები ე.წ. „შუმოკს“ უწყობდნენ და ეს მასზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა. ეს არის ძალიან ცნობილი წამების ფაქტი, როდესაც ანთებულ სინათლეში პატიმრებს  აიძულებდნენ ყოფილიყვნენ მუდმივად. ამით ბიოლოგიური ციკლი ირღვევა, მუდმივად სტრესის ქვეშ არიან. ასევე პრეზიდენტ სააკაშვილთან არაერთხელ იყო  დადგმული თუ ნამდვილად შესრულებული მკვლელობის მცდელობა, მაგალითად გლდანის ციხეში როცა მას  აშინებდნენ ღამეების განმავლობაში, მაშინ როდესაც მარტო რჩებოდა, ნაბიჯების ხმის იმიტაცია კეთდებოდა, რომ მისი ოთახისკენ მიდიოდნენ მის მოსაკლავად. ანუ ბევრი დეტალია, რომელზედაც ჯერჯერობით არ არის საჭირო ალბათ, საჯაროდ ვისაუბროთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც ვმოქმედებთ“- აღნიშნა გიორგი ჩალაძე.