შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დაესწრნენ.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა - პოლიციელებს სიტყვით მიმართეს, მათ პროფესიული დღე მიულოცეს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ასევე, მართლწესრიგის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
მიხეილ ყაველაშვილმა და გელა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და მამაცობისთვის დააჯილდოვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადასცა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა – დღე, რომელიც ეკუთვნით პოლიციელებს - იმ ადამიანებს, ვინც დაუღალავად იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს.
სწორედ თქვენ ქმნით უსაფრთხო მომავალს, სადაც ჩვენმა შვილებმა, მშობლებმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მშვიდ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციელის ფორმა - ეს არ არის მხოლოდ სამოსი. ეს ნიშნავს - ატარო ღირსება. ეს არის ფიცი - არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებასა და მზაობას, ერთგულად ემსახურო ქვეყანას.
„საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ, ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებით. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება თავდაჯერებით, სიმამაცითა და უმაღლესი პროფესიონალიზმით. მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის! მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად თმობენ იმისთვის, რომ თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ. ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომასა და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“, -განაცხადა გელა გელაძემ.