დღეს, 17 ნოემბერს ქართველ მსახიობს, პოპულარულ სპორტულ კომენტატორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, საქართველოს სახალხო არტისტს კოტე მახარაძეს 89 წელი შეუსრულდებოდა.
კოტე მახარაძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღეს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, სადაც დაჰყო 23 წელი.
1970 წლიდან გადავიდა კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში.
1973–74 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (დღეს უნივერსიტეტი) ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.
1997 წელს ქ. თბილისში დააარსა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე.
თეტრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით, იგი იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში.
1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე. მას მიჰყავდა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი - 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად) "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების თასი.