მომხდარი ფაქტის შესახებ "აიპრესს" სპეციალური პენიტენციური სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც "აიპრესს" უწყებაში განუცხადეს "27 ივნისს, N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 27 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო. 27 ივნისის ინციდენტის აღკვეთის მიუხედავად, 28 ივნისს გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა ორ თანამესაკნე მსჯავრდებულს, 2002 წელს დაბადებულ გ.თ.-სა და 2001 წელს დაბადებულ დ.ყ.-ს, შორის. მოცემული ჩხუბის შედეგად მსჯავრდებული დ.ყ. N11 პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ხოლო მსჯავრდებული გ.თ. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ამჟამად მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაციის დაგეგმვა ყბის მოტეხილობის გამო. 28 ივნისს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება მოცემულ საქმეზე. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ორივე საქმეზე, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, არამედ თანამშრომელთა ქმედებების სისხლის სამართლის ჭრილში შეფასებაა. 28 ივნისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეთხოვა ნებართვა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე, კანონით დადგენილი წესით. 29 ივნისს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაიცა თანხმობა დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ".