ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს,  733.490 დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა. აღნიშნული ლაბორატორიის გადაცემა, უწყებებს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული სააგენტოს  მხარდაჭერით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს