საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პუბლიცისტი ნუგზარ ფოფხაძე ავრცელებს:

სულ ახლახანს გარდაიცვალა ქალბატონი ვიქტორია სირაძე.გასული საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ლეგენდა, განურჩევლად ყველასთვის სიკეთის მკეთებელი, დამხმარე და...სულიერად და გარეგნულად ულამაზესი ქართველი ქალი.

24 მაისს მას 95 წელი შეუსრულდებოდა.

ძალიან ვწუხვარ და მტკივა. ვუთანაგრძნობ შვილიშვილებს, ახლობლებს, მეგობრებს - წერს ნუგზარ ფოფხაძე.

გამოსვენება კვირას, 25 თებერვალს, 15 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან.

დაკრძალვა ვაკის სასაფლაოზე.

ვიქტორია სირაძის ბიოგრაფიიდან:

ქართველი ქიმიკოსი, ინჟინერი, პოლიტიკური ლიდერი, თანამდებობის პირი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV–V და VII–XI მოწვევების დეპუტატი. სსრკ უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.

1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი და შემდეგ სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა.

1949–1952 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952–1955 წლებში კომკავშირის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და პირველი მდივანი. 1955–1962 წლებში პარტიის ქ. თბილისის კიროვის რაიონული კომიტეტის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962–1973 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1973–1986 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. 1986–1989 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, 1989–1994 წლებში მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი.

ჯილდოები

შრომის წითელი დროშის 4 ორდენი.