შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით და თუ რამეზე არასწორი ნებართვა გაიცა, რა თქმა უნდა, გატარდება შესაბამისი ზომები.
როგორც ვახტან გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არაა გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. "გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით და თუ რამეზე არასწორი ნებართვა გაიცა, რა თქმა უნდა, გატარდება შესაბამისი ზომები. არაა გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია" -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, როდესაც სამაშველო ოპერაცია დასრულდება, ექსპერტები შეისწავლიან ფუნდამენტს და ნახავენ, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. "გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, სახლის ჩამონგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ პირველ სართულზე არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა. ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა. რაც შეეხება ზოგადად დაშენებებს, სამწუხაროდ, ეს 90-იანი წლების უბედურებაა და ეს არა მხოლოდ ბათუმს, არამედ თბილისსაც ეხება. ამ პრობლემისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა, თუმცა ბოლო წლებში თბილისში მიშენებები აღარ განხორციელებულა. სამწუხაროდ, დაშენება ამ კორპუსზე 15 წლის წინ განხორციელდა. არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ნებართვების მოძიება და იმის შემოწმება, თუ როდის გაიცა ეს ნებართვები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილია. კიდევ 2 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.