საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 იანვარს, ქ.თბილისში ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებული და სუპერმარკეტ „ბესტ მარკეტის“ მოლარე ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს.
სამართალდაცავებმა ბრალდებული 23 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.