შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული მ.ზ და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ყ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს.

 ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში უკრაინის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ.-ს უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ.-ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იძულების განმახორციელებელი პირების ვინაობა დაადგინეს. პოლიციამ შ.ყ. ბათუმში დააკავა, ხოლო მ.ზ. – სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოს დატოვების მცდელობისას.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.