"მინდა გამოვიცნოთ აბა რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა." - ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
"ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებს ვლადიმერ პუტინს. ეს ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში.
მინდა გითხრათ, რაც შეეხება ხარჯებს, ხეების და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის ეს ყველამ იცის, ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა რაზედაც აქ არის საუბარი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს,
მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და №12 რუსთავის ციხეში შეასახლეს.