ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
"გუშინ ჩვენ ვნახეთ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა როგორ იძალადეს ირაკლი ეძგვერაძეზე, რომელიც არის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თბილისის საკრებულოში, ასევე არის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მასზე იძალადეს - მე მოვინახულე და ეტყობა სისხლნაჟღენთები, ჩალურჯებები, მათ შორის კისრის მიდამოში. ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადეს მისსავე სახლში, შეუვარდნენ, ხოლო მე, ადვოკატს არ მომცეს იმის საშუალება, რომ დავსწრებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას, ან მერე ეთქვათ, სად გადაიყვანეს და ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას (სპეციალური საგამოძიებო სამსახური), უმოკლეს ვადაში გამოაგზავნოს თავისი გამომძიებლები და გამოიძინ პოლიციის მხრიდან კანონდარღვევა: მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული - ეს არის ძალადობით უფლებამოსილების გადამეტება, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ცოტა ხნის წინ როგორ ძალადობდნენ სამოქალაქო აქტივისტებზე და არცერთი ის საქმე კაციტაძის უწყებას არ გამუძიებია, ამიტომ არც ახლა გვაქვს გამოძიების იმედი, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.