“წელს მაგისტრალური გზების განვითარების უკვე 6 წარმატებული შედეგი გვქონდა, რომელიც უკავშირდება როგორც უმნიშვნელოვანესი პროექტების, ისე საეტაპო ფაზების დასრულებას“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რიკოთის ახალი მაგისტრალური, ოთხზოლიანი გზის 48 კმ-ით უკვე შესაძლებელია შემცირებულ დროში  გადაადგილება. ასევე, ბოლო თვეებში გაიხსნა ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა და ამ მიმართულებით  მომდევნო წელიც შედეგიანი იქნება.

მინისტრმა იმ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც იგეგმება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები  რუსთავი-წითელი ხიდი-ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტზე. ასევე, მოსამზადებელი პროცედურებია დაწყებულია სამივე საგზაო დერეფნის - აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელებისთვის.

,,მომავალ წელს  დაგეგმილია საგარეჯო-ბადიაურის გზის დასრულება   და კახეთის მიმართულებით უკვე 52 კმ მაგისტრალური გზა გვექნება აშენებული. ასევე, გათვალისწინებულია ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი-თელავისა და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა. დაგეგმილია  ლილოს შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება და თბილისში დასავლეთიდან შემოსასვლელ-გასასვლელი ახალი გზის მშენებლობა“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, ინტენსიური მოძრაობის განტვირთვისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება წიწამური-ჟინვალის მიმართულებით -  ნატახტრის შემოვლითი გზის მშენებლობა.

,,ჩვენ ვსაუბრობთ საგზაო მიმართულებით თვისობრივად  სხვა  განვითარების დონეზე მყოფ ქვეყანაზე. რეალურად, ყველა ამ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობისთვის მხოლოდ  3 საათი დაგვჭირდება. სამუშაოების  დასრულების შემდგომ  სტეფანწმინდამდე  მგზავრობას საათ-ნახევარს, ხოლო თელავამდე 1 საათსა და 20 წუთს მოვანდომებთ “-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.