საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომები გაიმართა.

სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე, თბილისის პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა, კახეთის საოლქო პროკურორმა კონსტანტინე სირაძემ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორმა დავით ძნელაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ზაზა მეტონიძემ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორმა  ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორმა შოთა კვაჭანტირაძემ თბილისში და აღნიშნულ რეგიონებში  გაწეული საქმიანობის  ანგარიში  წარადგინეს.

სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. სხდომას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მომხსენებლებმა  სხდომის წევრებს, გაწეული საქმიანობის ანალიზი და სტატისტიკა წარუდგინეს; ისაუბრეს ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, განრიდების, აღკვეთის ღონისძიების, დამდგარი განაჩენების მაჩვენებლებზე, დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ანგარიშების წარდგენის შემდეგ მომხსენებლებმა  სხდომის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს.