მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.

ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.  - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ."  - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ