„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოინახულა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მზია ამაღლობელი დასუსტებულია და ნელა მოძრაობს.
ამასთან, მაია მწარიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ითხოვს და ამბობს, რომ „ჯერ უძლებს“.
„როგორც იქნა, ჩავიბარეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, დღევანდელი მდგომარეობით რაც ჩაუტარდა. ახლა სპეციალისტებს ვაჩვენებთ და მერე უფრო შეგვეძლება, ვთქვათ, რამე სამედიცინო კუთხით. 20 დღის ნაშიმშილარი ადამიანი როგორც გამოიყურება, ისე გამოიყურება, თუმცა, საოცარი ადამიანია. ადამიანი კი არ ცდილობს, დაგანახოს, რომ ან სუსტად ან ცუდად არის, პირიქით ამბობს, რომ „არა, ჯერ ვუძლებ. არ შეწუხდეთ კიდევ გავუძლებ და როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით.“ გაძლება იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე დახმარებას არ ითხოვს, სადმე გადაყვანას არ ითხოვს. ვიზუალურად რასაც დავაკვირდი, უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს. ეს ჩემი დაკვირვებაა, რადგან მანძილი უნდა გამოიაროს და თავისთავად ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და მერე საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყველა ჯერზე გვეუბნება, რომ „მე არ ვარ მთავარი თემა“, არაერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული ამაზე მოვასწარით საუბარი.
ახლა ჩავიბარეთ ის ანალიზები, რომელიც 28-ში გაუკეთეს. ერთი უცნაურობაა, რომ 28-ში გაკეთებული ანალიზების პასუხი, ვიდრე ჩვენ არ მივედით, არ იცოდა. ახლა აჩვენეს სავარაუდოდ, მაგრამ ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. გვითხრეს, რომ დღევანდელის ჩათვლით არის. როგორც მზიამ გვითხრა, იმ კვირაში გეგმავენ უკვე სერიოზული კვლევების ჩატარებას სავარაუდოდ, რომელიც აქ ვერ ჩატარდება. ის ამბობს, რომ მე ვუძლებო, ასეთია მისი მოსაზრება. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა ისედაც და რაღაც რაღაც კვლევებს ჩაუტარებენ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა კვლევებს, ორშაბათს გვეცოდინება“, – განაცხადა ადვოკატმა.