ქუთაისის საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა, მისი განცხადებით ქუთაისის მერია უფასო სასადილოს შენობის გაყიდვას ისე აპირებს, რომ ალტერნატიული შენობის ფართი არც აშენებულია და არც გამოყოფილი.

ბრალდებას ქუთაისის მერიაში უპასუხეს: ,,შეცდომაში შეყვანის და მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მორიგი მცდელობა იყო ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა შუშანიას განცხადება ქუთაისის მადლიერების სახლთან დაკავშირებით.

მადლიერების სახლის შენობა შეტანილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, თუმცა ქუთაისის მერია ზრუნავს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მოწყობისთვის, მანამდე კი, ყველა ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნულ შენობაშია, გააგრძელებს მუშაობას და მადლიერების სახლის შენობა არ გასხვისდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად არის განთავსებული მადლიერების სახლი და კიდევ რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მოუხერხებელია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ძირითადად სარგებლობს მადლიერების სახლისა და მერიის სოციალური სამსახურის სერვისებით.
ქუთაისის მერიის მიზანია, უზრუნველყოს ახალი შენობის სათანადოდ მოწყობა, რათა მადლიერების სახლის ბენეფიციარებს და მოქალაქეებს განახლებული , კომფორტული და მათ საჭიროებებზე გათვლილი სერვისები შესთავაზოს.“ - აცხადებენ მერიაში.