ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მუნიციპალიტეტის მერი გმირთა მემორიალთან სახელმწიფო რწმუნებულ გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და გურიის დელეგატის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელ ქეთი ვასაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მერიაში მცხოვრებ ვეტერანს შოთა გოგატაძეს სახლში ეწვივნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.
„პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს ამ ისტორიული გამარჯვების მისაღწევად! მადლობა მათ თავდადებისთვის და გმირობისთვის! დღევანდელი დღე ასევე მივულოცეთ სოფელ მერიაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა გოგატაძეს. ბატონ შოთას 15 მაისს 100 წელი შეუსრულდება. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მხნეობას და კეთილდღეობას!,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. ოზურგეთის მერიის სახელით კი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, შოთა გოგატაძე 2000 ლარს მიიღებს.