გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვაა. განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ყოველწლიურად იზრდება როგორც აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, ასევე ექსპორტის მაჩვენებლები.
2023 წლის წინასწარი მონაცემებით აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ. ლარს გადააჭარბებს ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება, ხოლო ბოლო 12 წელიწადში გვაქვს 180%-იანი ზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. აღსანიშნავია ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რომელიც 2023 წელს, ჯამურად, 455 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტო სულ მცირე თხუთმეტ სხვადასხვა პროგრამას განახორციელებს, რომელიც მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლის დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებისთვის, 2024 წლის ბიუჯეტით 330 მლნ ლარია გამოყოფილი.