გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენა გახსნა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ხაშურის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მაკა დიდებულიძემ, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა  მეწარმე ქალები. ისაუბრა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე  ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. 

წარმოდგენილი იყოს „ხემსის“, „დოშკანას“, ,,ნატუსის“, „მკერვალის“, „მომავლის სახლის“, „ჩოკოლატლის“, ,,დევდარიანის მარნის”, მადი ბირკაძის ხელნაკეთი თოჯინების, აგრეთვე „პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებული ხათუნა ჩიტაძის (სოციალური სამკერვალო სახელოსნო), ნანა ლომსაძისა (ქართული დოლის პური) და ქეთევან გიგოლაშვილის (პოლიმერული თიხა) წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქცია. ქალებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგემებზე. 
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დამწყები ახალგაზრდა მეწარმე ქალების  ნაწარმმა. 
„გამოფენა-გაყიდვის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეწარმე ქალების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭო ყოველთვის მზადაა დაეხმაროს ქალებს,

 

რათა უფრო მეტმა მათგანმა შეძლოს წარმატების მიღწევა" -აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.