„ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც გვაქვს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, 350 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით და ეს  ტემპი გრძელდება,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით. ქალაქების გარდა, 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიმდინარეობს 100-ზე მეტ მდებარეობაში, რის შედეგადაც, დამატებით 300 ათას ადამიანს ექნება წვდომა 24 საათიან წყალმომარაგებაზე.

ირაკლი ქარსელაძემ, ასევე აღნიშნა, რომ უკვე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის ხელშეკრულებას.

„მალე დაიწყება ძალიან დიდი პროექტი ვანისა და ბაღდათისთვის, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის და შესაბამისი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას. დასკვნით ფაზაშია პროცედურები სამტრედიასთან მიმართებაში, სადაც ასევე დიდი მასშტაბის სამუშაოები დაიწყება,“-აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშნელოვანია ეკოლოგიის მხრივ თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და ასეთი  ექვსი მაღალტექნოლოგიური გამწმენდი ნაგებობა ქვეყანაში უკვე ფუნქციონირება, 11 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა კი მიმდინარეობს.