28 თებერვალსა და 1 მარტს, გუდაურში, მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს  14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით შეჯიბრებაზე დავით თედიაშვილი  გამოვა. ღონისძიებას საერთაშორისო მედია გააშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.  

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.  

მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდება. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან შეჯიბრი მაღალ დონეზე შეფასდა. შედეგად, ბაკურიანი და გუდაური FIS  - ის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრებების მუდმივ კალენდარში გაითვალისწინა, რაც საქართველოს, როგორც სამთო ტურიზმის მიმართულების დიდი აღიარებაა.   
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. 
8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.