აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. რიჟვაძემ ანგარისის წარდგენისას მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზეც ისაუბრა:
“მიმდინარეობს „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიების დეტალური სივრცით-გეგმარებით კონცეფციაზე მუშაობა, რაც კურორტზე საინვესტიციო პროცესების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია ახალი სათხილამურო ტრასის მოწყობა კურორტ „გოდერძზე“. მიმდინარეობს „მწვანე ტბის“ რეაბილიტაციის პროექტი, რაც ტერიტორიაზე საპიკნიკე, დასასვენებელი ადგილების და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. დაწყებულია კურორტ „ბეშუმის“ განვითარება, რაც ტერიტორიის ურბანული პოლიტიკის შექმნას და სამომავლოდ ბეშუმის სწორად განვითარებას ითვალისწინებს. ბეშუმის განვითარების მიზანია კურორტი გახდეს 4 სეზონზე მიმზიდველი ადგილი. კურორტ „ბეშუმში“ უძველესი ნამოსახლარების შესწავლის მიზნით, ასევე არქეოლოგიური გათხრების ჩატარებაა დაგეგმილი. საერთო ჯამში სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის, ბეშუმისა და მწვანე ტბის ეფექტური სივრიცითი დაგეგმარება და ეს ტურისტული კლასტერი ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარისადმი ინტერესის ზრდას. დასკვნით ეტაპზეა აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის პროექტი, რაც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს”, – განაცხადა რიჟვაძემ.