ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.
ბენეფიციარები დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა ბომონდმა, 12 ივნისს, შეწყვიტა პაციენტებისთვის მომსახურების მიწოდება.
,,აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად შევხვდი. მოვისმინეთ მათი პრობლემები და პირობა აღვუთქვით, რომ უმოკლეს დროში ბენეფიციარები კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი პაციენტები უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს",- აცხადებს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია.
ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.