ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება,  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიშის მოსმენამ გამოიწვია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სულ გამოძახებას ექვემდებარებოდა 308 წვევამდელი.  გადავადების უფლებით 217-მა ისარგებლა, აქედან 71  საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების მასობრივი მიგრაცია, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

,,თუ ქვეყანა დალაგებულია როგორც ისინი ამბობენ, თუ ყველაფერი ზედმიწევნით აქვთ შესრულებული და ღირსება და ყველაფერი დაცულია, მაშინ რატომ მიდის ეს ხალხი ქვეყნიდან? მე ქალაქში ჩამოვდივარ და მხვდება დაცარიელებული . წვევამდელთა გაწვევის სამსახურმა ისეთი სტატისტიკა წარმოადგინა თვალებზე ცრემლი მომადგა, არც ვაპირებდი საერთო არაფრის თქმას, მაგრამ ამათ არაფერი აქვთ სათქმელი გარდა იმისა, რომ წარსულის აპელირებას ახდენენ“- განაცხადა  დარეჯან ცხვიტარიამ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა  ზაალ კვინჩიამ ენმ-ეს ბრალდებებს, დემაგოგია და ცილისწამება  უწოდა.

,,სხდომა საქმიან რეჟიმში მიმდინარეობდა , თუმცა  დასასრულს ,,ნაციონალური მოძრაობის“  მხრიდან შემოთავაზებული იქნა პოლიტიკური მასკარადი, რასაც შეჩვეული ვართ და რომელიც დაფუძნებული იყო ძირითადად  ცილისწამებაზე, დემაგოგიაზე, რეალობის არასწორ შეფასებაზე, რომელიც მიზნად ისახვს არათუ საზოგადოების სამსახურში ყოფნას, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“- აღნიშნა ზაალ კვინჩიამ.