აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია, სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდება. 

“პროექტით გათვალისწინებულია საფასადე ქვის ზედაპირის კონსერვაცია; ეკლესიის სამხრეთ კოშკში ლითონის დაზიანებული კონსტრუქციის განახლება;  კიბეების კონსტრუქციული გაძლიერება; ტაძრის დაზიანებული ვიტრაჟების განახლება (ვიტრაჟების დაშლა,ნაკლული ელემენტების ახლით ჩანაცვლება) ინტერიერში დაზიანებული კედლის მხატვრობის რეკონსტრუქცია და სხვa”,-აცხადებენ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. 
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბიუჯეტი 939 ათასი ლარი დაიხარჯება.


ინფორმაციისთვის, გასულ წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა  და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.


1897-1902 წწ-ში აშენებული კათოლიკური ეკლესია, რომლის მშენებლობის დაფინანსება კონსტანტინე ზუბალაშვილმა იტვირთა, წარმოადგენს ნეოგოთიკური სტილის ბაზილიკას. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 1989 წელს შენობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღეს ის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალია.