საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი თამარ წილოსანი ("ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატის წარდგენილი მრჩეველი) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ვრცელ განმარტებას აქვეყნებს მაუწყებელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ყველა ჯგუფს მოუწოდებს- არავინ შეეცადოს მისი და გია ქარცივაძის ("ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი მრჩეველი) პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიბმა.
წილოსანმა, აჭარის მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის, დღეს, 8 ივნისს დაყენების საკითხი, წინა კვირას დაანონსა. როგორც მრჩეველი, სოციალური ქსელით გავრცელებულ გამცხადებაში განმარტავს, ბოლო პერიოდში მენეჯმენტის მიერ განხორციელებული მოქმედებები არღვევს იმ სტანდარტებს, რასაც უნდა ემსახურებოდეს მაუწყებელი და საზოგადოებაში აჩენს ბევრ კითხვას. "როგორც ადრეც არაერთხელ დამიფიქსირებია - საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ნაცვლად, დირექტორის მხრიდან პროფესიონალი და კრიტიკული ჟურნალისტების გათავისუფლება პირდაპირ აისახება უარყოფითად მაუწყებლის საქმიანობაზე და საფრთხეში აგდებს სარედაქციო დამოუკიდებლობას. რამდენიმე დღის წინ ერთიმეორეზე მიყოლებით მაუწყებლის მენეჯმენტმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ერთნაირი შინაარსის განცხადებები, რომლითაც სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ეს განცხადებები არ გამკვირვებია, რადგანაც არავის უკვირს, რომ მაუწყებლის მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რითაც სურთ საკითხის პოლიტიზირება, თუმცა საზოგადოების ნაწილის და ჩემი გაკვირვება გამოიწვია იგივე შინაარსის მქონე განცხადებების გაკეთებამ მილორავა ალექსანდრეს მხრიდან, როდესაც მან ეს პროცესი გადაიყვანა პოლიტიკურ ჭრილში და სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა თითქოს ერთ-ერთ პარტიას უნდა დაევალებინა ჩემთვის იმ პროცედურების დაწყება, რომელიც მე ისედაც მანამდე მქონდა დაწყებული ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ან გამიჯნულიყო ჩემგან. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, ასევე ეს განცხადებაც იყო რბილად, რომ ვთქვათ ტყუილი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე არც ადრე და არც ახლა არა ვარ აფილირებული არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან და მითუმეტეს არც ხელისუფლებასთან, ნაცნობები და მეგობრები ყველას ჰყავს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, მაგრამ ვინც მიცნობს იციან, რომ ვარ პრინციპული, რაც ბევრჯერ დამიმტკიცებია ჩემი საქმიანობით სხვადასხვა სამსახურში და სხვადასხვა დროს, მათ შორის მაუწყებელში რამდენიმეთვიანი საქმიანობისას - პოზიციის დაფიქსირებით, როგორც პირდაპირი ეთერების საშუალებით, მაუწყებელში მიმდინარე არასწორი პროცესების გაშუქების დროს, ამავე დროს მრჩეველთა საბჭოს სხდომებზე საკითხების განხილვებისას დაკავებული პოზიციისა და გამოხატული მოსაზრებების დროს, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობების გამოაშკარავებით. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები - რატომ გააკეთა ხელისუფლებისა და მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადებების იდენტური განცხადება? რატომ სცადა შემოეყვანა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში პოლიტიკური საკითხები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ასეთი მოწოდებებით? ეს მას მოუვიდა გამოუცდელობით, შეუგნებლად თუ შეგნებულად? საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი, ვარ დამოუკიდებელი და ცალსახად ვაცხადებ, რომ ვერც მმართველი პარტია, ვერც მენეჯმენტი, ვერც რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება და ან სხვა გარემოება ან თუნდაც ჩემს წინააღმდეგ ტყუილზე აგებული კამპანია ვერ მოახდენს ჩემს მიერ მისაღები გადაწყვეტილებების შეცვლას. მე ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე ვაფიქსირებდი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პოზიციებს და უკანონო განთავისუფლებების გაგრძელების შემთხვევაში განვაცხადე მენეჯმენტს, რომ სხვა კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებთან ერთად დავსვამდი უნდობლობის საკითხს. ძალიან კარგად ვიცი რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ამ იდეის დაცვა და მაუწყებლის განვითარება, რისი ნათელი დადასტურებაა ჩემი გადაწყვეტილებით რეორგანიზაციის პროცესის ჩაგდება. მოვუწოდებ ყველა ჯგუფს - არავინ შეეცადოს ჩემი და გია ქარცივაძის პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიბმა. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად აქამდეც და ამის შემდეგაც გადავდგამთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმათთვის, ვისაც არ უნდა რომ დაინახოს და სამწუხაროდ არ უნდა რომ გაიგონოს - თამარ წილოსანი მაუწყებელში მიმდინარე არასწორ მოქმედებებზე თვეების განმავლობაში თავიდანვე აფიქსირებდა პრინციპულ პოზიციას, გმობდა შესაძლო უკანონო განთავისუფლებებს და ასევე გააგრძელებს მომავალშიც, მათ შორის მიიღებს ყველა იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია მრჩევლებისათვის", - წერს წილოსანი საჯარო სივრცეში. მის ამ განცხადებას, იქვე უპასუხა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა, ემზარ პაქსაძემ, რომელიც მრჩეველს ურჩევს, გამოითხოვოს და გაეცნოს იმ დოკუმენტაციას, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნიდა და არ იქნებოდა მიკერძოებული. "ქალბატონო თამარ, თქვენ არ გამოგითხოვიათ და არ წაგიკითხავთ არცერთი დოკუმენტი, არ იცნობთ საქმის არსს, დასკვნას აკეთებთ მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებზე დაყრდნობით. ამიტომაც ცდილობთ ვრცელი სტატუსით გადაფაროთ საკუთარი პარტიული მიკერძოება; და კიდევ ერთი თქვენ მოუსმინეთ მენეჯმენტის განცხადებას? მასში ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მესიჯი იკითხებოდა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა (მათ შორის ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ) თავი შეიკავონ საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩარევისაგან. სამწუხაროდ დეკლარირების დონეზე გამოდის რომ ღია კარებს ვამტრებთ, თუმცა რეალურად თქვენ მაინც დარჩით პარტიული ზემოქმედების ელემენტად.ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ისე კარგი იქნება თქვენს მიერ მითითებულ ,,კონსუტაციებში" მენეჯმენტის წარმომადგენლებიც ჩაგერთოთ და მოგაწოდებდით დეტალურ ინფორმაციას," -ამ შინაარსის კომენტარით უპასუხა, თამარ წილოსანის საჯარო განცხადებას ემზარ პაქსაძემ.