აჭარაში, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში რეგიონის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს.
„ელექტრონულ უბნებზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ხმის მთვლელი აპარატიდან ამოიბეჭდება კენჭისყრის წინასწარი შედეგების ანგარიში, გაეცნობა უბანზე მყოფ პირებს და გაიგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიებში. უმაღლესი საარჩევნო კომისია საზოგადოებას წინასწარ შედეგებს მიღებისთანავე აცნობებს, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე აიტვირთება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესი 251 უბანზე მიმდინარეობდა. ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია.
რაც შეეხება 66 ტრადიციულ საარჩევნო უბანს, კომისია ჩვეულებრივ დაითვლის ხმებს, შედგება არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და გაეცნობა უბანზე მყოფ დაინტერესებულ პირებს. მიღებული შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება ტრადიციულ უბნებზე გამოყენებულ ბიულეტენებს, შეგახსენებთ, რომ ყველა ბიულეტენი დასკანერდება, გაციფრულდება და გამოქვეყნდება ცესკოსა და უსკოს ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის ამომრჩევლებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის“,- აცხადებენ, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.