საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო JICA-სთან ერთად, აჭარაში ორსულ ქალთა და ახალშობილთა მაღალი ხარისხის უწყვეტი მეთვალყურეობის დანერგვას გეგმავს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველს, კეიკო ოზაკს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ JICA-ს სათაო ოფისის წარმომადგენელი რისა ნაიტო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ბაზიარი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნინო ლომია, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, მოადგილე ნონა ეფაძე, პროექტის ექსპერტები ნინო ქაჯაია და ქეთი გაბიძაშვილი.

მხარეებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის მზაობასა და სამომავლო გეგმებზე. ვიზიტის ფარგლებში JICA-ს წარმომადგენლები ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს სტუმრობდნენ, ასევე მოინახულეს ანტინატალური მეთვალყურეობის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ საინფორმაციო შეხვედრები გაემართათ ექიმებთან და ორსულებთან.