ამ თარიღთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მოადგილე სერგო კირკიტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში იმყოფებოდნენ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
„ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ცენტრის ფუნქციონირებას. წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. მალე კეთილმოეწყობა და გამწვანდება ეზო “ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ. ა(ა)იპ. წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის დირექტორის ნინო ნემსწვერიძის ინფორმაციით, ცენტრში ამჟამად 18 წლამდე 15 ბენეფიციარი სწავლობს და აქედან 9 აუტისტური სპექტრის მქონეა. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებით დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა.