ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა. "ივანიშვილი უნდა დაემხოს" - ეს განცხადება ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მოწოდებას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით ის ადრეც გამოირჩეოდა, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
”ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული და მერე სხვა ნარატივი შემოიტანეს, თითქოს მშვიდობიანი დამხობა, იმიტომ, რომ მიხვდნენ, კონკრეტულ დანაშაულს სჩადიოდნენ ამ შემთხვევაში. მარტივი შესაფასებელია, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის ეს დამოკიდებული, თუ რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას", - აცხადებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა.
აუდიოჩანაწერი პროცესიდან, ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო.




