26 მაისის აქციაზე მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტს, ასჯერ გამოვედით და მერე რა, ვიდრე ალტერნატივა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არ აქვს, ოპოზიცია არ ვარგა. ყველა უნიჭო ამას იმეორებს, თითქოს ვინმეს განსაკუთრებული ვალდებულებები გვქონდეს, სასწაულები ჩავიდინოთ, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.
„26 მაისს, 19:00 საათზე დაანონსებულია აქცია, თსუ-დან მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. ალიანსმა დააანონსა. შემდეგ მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტს ამ აქციაზე: რა არის მიზანი, რატომ უნდა გამოვიდეთ, ასჯერ გამოვედით და მერე რა, ვიდრე ალტერნატივა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არ აქვს, ოპოზიციის ბრალია ყველაფერი, ოპოზიცია არ ვარგა. ეს კლასიკაა უკვე. ყველა უნიჭო და უტრაკო ამას იმეორებს ოცდაოთხი შვიდზე, სოციალურ ქსელში იქნება, თუ ტელევიზორში. თითქოს ვინმეს, ან მე, ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები გვქონდეს, სასწაულები ჩავიდინოთ. კიდევ არის ის, რომ პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო. გეგონება, მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და ამ ხალხის გამოყვანა მეზარებოდეს. მოკლედ, ტონა აზრია. ერთ სულზე ოცი აზრი მოდის, მათ შორის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი. ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ხალხის გაღვიძების ვალდებულება მაქვს, რადგან პოლიტიკოსი გქვია. კაი, ნუ გაატ….კე, მართლა კაცო? პოლიტიკოსი მქვია და ამიტომ რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები მაქვს? ვისაც პოლიტიკოსებს ეძახით, რამდენი ადამიანია ეგეთი, ორი ათეული ალბათ. ეგ ხალხი რომ უცებ პენსიაზე გავიდეს, ჩემი ჩათვლით, ან უბრალოდ ვთქვათ, რომ დავიღალეთ, მოგვბეზრდა, აღარ გვინდა, შვილებს გვინდა, მივხედოთ, ან შეიძლება დაგვიჭირონ, ან მაგალითად, აგერ გვკრძალავენ, შემდეგ შენ რას აპირებ? კონკრეტულად შენ, ბრძნულ აზრებს რომ აფრქვევ, მაგით რომ ხარ დაკავებული ან მაგასაც არ აკეთებ, შემდეგ ვისკენ იშვერ თითს და როგორ აგრძელებ ამ რაღაც უთავმოყვარეო წუმპეში ცხოვრებას? მერე ვის აბრალებ ყველაფერს, მათ შორის საკუთარ სიმხდალესა და უუნარობას? ალბათ მოიგონებ რამეს, ენას ძვალი არ აქვს. სხვა თუ არაფერი, გადაბარგდები იმ მრავალრიცხოვანი ადამიანების რიგებში, რომლებიც ახლა ელოდებიან ახალი ქართველი მადიარის გამოჩენას ან რუსეთის დაშლას, რადგან ამ წუთში ეგ არის ყველაზე უსაფრთხო, მოდური თავშესაფარი ყველა შეშინებულისთვის ან ნაადრევად დაღლილისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.










