თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, განცხადებით, საქართველოში კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები სრულადაა ხელმისაწვდომი.
მისი თქმით, როგორც ფედერალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 100%-ით ფინანსდება. სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალური და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე არცერთი პაციენტი არ დარჩება მკურნალობის მიღმა. საქართველოში კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია.
ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ. კიბოს დროული გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ადრეული დიაგნოსტირება ეფექტიანი მკურნალობის და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობა და საუკეთესო პრევენციაა. ყველას მოგიწოდებთ ჩაერთოთ ეროვნულ სკრინინგ პროგრამაში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსივნეს დედამიწის მოსახლეობის სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, 2024 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები მზარდი ბიუჯეტით გრძელდება, რაც 33 მილიონამდე ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს ჩართულობა ზრდის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის თანამედროვე მიღწევების ხელმისაწვდომობას და პაციენტთა გამოჯანმრთელების კოეფიციენტს.