ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საბოლოოდ გაუქმებისა და ადმინისტრაციის ლიკვიდაციისთვის პროცედურული განხილვები პარლამენტში დღეიდან დაიწყება

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

"ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სულ მალე დამტკიცდება და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან აღარ იარსებებს. აღნიშნული სტრუქტურის თავის დროზე ჩამოყალიბების გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს მმართველი გუნდი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ სამართლებრივ დარღვევას აქვს ადგილი.

"სამართლებრივი დარღვევა იყო რა საკვირველია, ეს იყო პოლიტიკური არათუ შეცდომა, არამედ სერიოზული დანაშაული, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მოლაპარაკებების ფორმატების ნაცვლად განვითარდა დაპირისპირების ინტენსიური პროცესი. ფაქტია, რომ დანაშაული სახეზეა,"- აცხადებს გია ვოლსკი.