უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე შესული წინადადება გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ შელახოს საქართველოს იმიჯი.

ბოჟაძის განმარტებით, ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს, ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას.

"საქართველოს მოქალაქეებს კითხვები აქვთ არა მხოლოდ მიზეზებთან, რის გამო შეიძლება დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რატომ არასდროს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ან რატომ არ უხსენებია 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის ან ადეიშვილის, ან იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირება. რა თქმა უნდა, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. როდესაც სამართლის პრინციპზე ვლაპარაკობთ და როდესაც ადამიანს ბრალს უყენებ და არ აძლევ საშუალებას, თავი გაიმართლოს, მტკიცებულებები წარმოადგინოს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. აქაც ჩანს, რომ გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ შელახოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი და, რაც მთავარია, განახორციელონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. ეს პროცესი წლებია გრძელდება და ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. დარწმუნებული ვართ, თემთა პალატა, მიუხედავად კონკრეტული პოლიტიკოსების ინიციატივისა, ამას არ გაითვალისწინებს და არ მიიღებს", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.