ქართველ მეგობრებთან ერთად, არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს. უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის საქართველოში საავიაციო ბაზრის ლოდერი. 28 მიმართულებით დაფრინავს საქართველოს ჰაბიდან. მოხსნა ყველა რეკორდი და პირველად ისტორიაში 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა მისმა მაჩვენებელმა. ეს განსაკუთრებული მადლობის მიზეზია. ასევე, ჩვენ გავზარდეთ ტვირთბრუნვა და ვაჭრობა საქართველოსთან. ფარმაციული პროდუქცია საქართველოში ჩვენგან გადის ექსპორტით. ჩვენ თანამშრომლობას ვავითარებთ ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გაგვაჩნია კომიტეტები, ერთობლივი კომიტეტი და მუშა ჯგუფი არის ხუთი ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რის შედეგადაც ხუთივე ქვეყანა ცდილობს, მწვანე ელექტროენერგია, რომელიც კავკასიაში იწარმოება, შემოვიდეს უნგრეთში და ჩვენგან შევიდეს ევროკავშირში. ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს, რათა ეს თანამშრომლობის ენერგეტიკა კიდევ უფრო გავზარდოთ, განვავითაროთ. უკრაინელებმა, რომლებმაც გადაკეტეს ყველა არხი ენერგეტიკის მიწოდებისა ევროკავშირის მიმართ, ამ პირობებში ჩვენი ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი მარშრუტი იქნება ეკონომიკური საქმიანობისთვის ძალიან ძლიერი. მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც გვექნება“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.