ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის შეფასებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა გამორჩეული შემთხვევაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველო ელოდება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთის მიწვეულია თავად ევროკავშირის მხრიდან. 

“პირველ რიგში, მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ამ ფაქტის მნიშვნელობაზე, კერძოდ, ის  რომ მინისტრი მიწვეულია და მონაწილეობას იღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში, რა თქმა უნდა უაღრესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან დროული, საჭირო და მნიშვნელოვანი, სწორედ იმ ფაქტორების და პროცესების გათვალისწინებით, რა პროცესებშიც იმყოფება დღეს საქართველო.  ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი და უნიკალური შესაძლებლობა,  ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც საქართველო ელოდება ე.წ შუალედურ ანგარიშს ევროკავშირის მხრიდან, იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.  ასევე, წლის ბოლოს საქართველო ელოდება ევროკომისიის შესაბამის ანგარიშს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად ვისაუბროთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო როგორც 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის კუთხით, ასევე ისაუბრებს იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ წარვადგინეთ ევროკავშირში”- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისი განცხადებით, მინისტრს მიეცემა კარგი შესაძლებლობა, წევრი სახელმწიფოებიდან 27-ვე კოლეგას მიაწოდოს ინფორმაცია და გაცვალოს მოსაზრებები იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც გადაიდგა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე „თუ რა გაკეთდა აქამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რა იგეგმება და რა არის გასაკეთებელი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”.  მისივე ინფორმაციით სხდომასე საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირთან სექტორიული მიმართულებით თანამშრომლობას, განსაკუთრებით იმ ახალი როლის გათვალისწინებით, რასაც საქართველო იძენს ევროკავშირისთვის რეგიონის ენერეგტიკულ პროექტებში აქტიური ჩართულობით. მინისტრის კოლეგებს ასევე მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

2023 წლის 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. ასევე მონაწილეობს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.


ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის  ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან.