„სააკაშვილმა თუ ვინმეს რამე ავნო, თურმე ევროპის დავალებით ავნო, ანუ ვინ არის ცუდი?  ევროპა; ქვეყნის გარეთ არიან ქვეყნის მტრები, რომლებსაც უნდათ, საქართველოს ომში ჩართვა, ოღონდ აქ რუსეთზე არაა საუბარი, იმ მტრებზეა საუბარი, რომლებიც ჩვენი და რუსეთის პროვოცირებას ცდილობენ, რომ ომში დაგვაჯახონ ერთმანეთს, ვინაა ეს - სამოა და ნაურუ? არა - ევროპა და აშშ. ეს მდარე, ქართული ინტერესების მოღალატეობრივი პროპაგანდაა, რომელიც ამ ტრიბუნიდანაც გადმოედინებოდა და ყველა იმ ტრიბუნიდან გადმოედინება, რომელიც ხელისუფლების ხელშია. ეს არა სახელმწიფოებრიობაა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მანვე პრემიერს მიმართა და განაცხადა, რომ არც პრემიერს, არც ივანიშვილს და არც მიხეილ სააკაშვილს  ევროპული მომავლისთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და სხვებს.

„ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, ვის გაუკეთებია ჩვენზე მეტი ევროპული მომავლისთვისო. ირაკლი, მოგმართავ - არც შენ, არც მე, არც ბიძინას, არც მიშას და არც არავის არ გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც გააკეთა დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, ვანო ჩხიკვაძემ, ლევან ცუცქირიძემ, უამრავმა ადამიანმა. კონკრეტული მოქალაქეების შექმნილია ეს ქვეყანა და ამ მოქალაქეებზე უნდა გაიაროს ქვეყანამ. ნურც ნურაფერს ვამადლით, თუ რამე გავაკეთებთ და ნურც ნურაფერს ვიბრალებთ, რომ ჩვენია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.