ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, შატბერაშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები მივიდნენ.
ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაა, რომლებსაც კალანდარიშვილის სახლამდე მისასვლელ ქუჩაზე ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.
აქვე იმყოფებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის, პოლიცია ცდილობს ადგილიდან გაიყვანოს ის ახალგაზრდები, რომლებიც გიორგი კალანდარიშვილის სახლთან არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მივიდნენ.
ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებას.
შეგახსენებთ: შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დაწყებიდან 3 წუთში, დაპირისპირების გამო შეწყდა, რისი მიზეზიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის, გიორგი სიორიძისთვის მიკროფონის გათიშვა გახდა. სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ მიკროფონი რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის გამო გაუთიშა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი სითხე შეასხა. მოგვიანებით, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.