"სახლს ვერტმფრენებიდან ესროდნენ, ვერტმფრენს აქვს ორივე მხრიდან ტყვიამფრქვევი, მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ტექნიკის გასაჩერებლად არის. სახლს რომ ბომბავდნენ, გარეთ 49 წლის ქალი გამოვიდა, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი ტყვია ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში", -  ამის შესახებ კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

თორნიკე გერლიანის თქმით, 2006 წელს სპეცრაზმი მის სახლში „წმენდაზე“ შევიდა.

„2006-ში ჩვენთან სახლში შემოვიდნენ, ჩვენ ზედა სოფელში ვცხოვრობდით, ორი სოფელი გვქონდა და როცა შემოვიდნენ, იძახდნენ, რომ წმენდაზე შემოვიდნენ, ერთ-ერთ სპეცრაზმელს ყურსასმენი არ ჰქონდა გაკეთებული და რაციაში რომ გადასცემდა, ერთი მაღალჩინოსანი იყო მანდ, ოქრუაშვილმა გამოაცხადა გენერალ-გუბერნატორი ხარო. სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო ის განაგებდა ყველაფერს – პოლიციას, გამგებლებს, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი. ის იყო ყველაზე აგრესიული. ადგილობრივი იყო, ხეობელი იყო და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით. ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, სად არის, ხომ არ გინახავთო და როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი მკერდზეო. ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე. პირდაპირ იქსი, არანაირი აყვანა, აქამდე ცოცხალი არ ჩამოიყვანოთო. ზევიდან არის მინისტრის ბრძანებააო, რომ პირდაპირ იქსი დაახალეთ მკერდზეო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

თორნიკე გერლიანმა განაცხადა, 2006 წელს კოდორში ოპერაცია რომ დაიწყო თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენებით შევიდა, ამ ოპერაციას „კოდორის ხეობის განთავისუფლებას“ ეძახდნენ.

„დაიწყეს სახლების დაბომბვა. სახლს ვერტმფრენებიდან ესროდნენ, ვერტმფრენს აქვს ორივე მხრიდან ტყვიამფრქვევი, მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ტექნიკის გასაჩერებლად არის. სახლს რომ ბომბავდნენ, გარეთ 49 წლის ქალი გამოვიდა, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი ტყვია ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ აბა, რა გეგონათ, ჩვენ ასე უბრალოდ ვიძახდითო, რომ ყველაფერს გავაკეთებთო? მერე ერთი ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა, თუ თქვენგან აგრესია წამოვა, წინააღმდეგობა იქნება, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, აიღო ეს დანა და ანახა, ძალიან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრითო ყელს. თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. თან მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ ის მიწა უნდა დაიწვას წესითო, იმდენად იყო აქ ბანდფორმირებაო და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.