გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეს გამოეხმაურა.
როგორც თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა, ადგილი აქვს პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ორკესტრირებულ კამპანიას.
„რაც შეეხება ამ შემთხვევას და ზოგადად პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას და ამას კამპანიას ვუწოდებ ვინაიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო ეს პროცესი, როდესაც გაირკვა, რომ „საიამ“ მიმართა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს აბსოლუტურად ყალბ ნარატივზე დაფუძნებული წერილით და შემდგომ, პირდაპირ, რომ გავაგრძელოთ ეს მოვლენათა ჯაჭვი ყოველი ახალი დღე იწყება სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით პენიტენციური სისტემის მისამართით.
პირველი, აქ კარგად იკვეთება ის, რომ ეს არის მართული, ორკესტრირებული პროცესი და გასაგებია სამიზნეში, რატომ ამოიღეს პენიტენციური სისტემა კონკრეტულმა მტრულმა განწყობილმა ძალებმა ჩვენი ქვეყნისადმი, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი იმ ლაკმუსის ეფექტის მატარებელი სფერო და საკითხი, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს შავი და თეთრი. სადაც იმავე „ნაცმოძრაობას“ გამოტანილი აქვს იმგვარი ვერდიქტი, მათ შორის საერთაშორისო ინსტანციების მხრიდან, სადაც პირდაპირ წერია, რომ პენიტენციურ სისტემაში ადამიანთა წამებს, ღირსების შელახვას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ლაპარაკი არის ჩვენს ხელისუფლებაზე სწორედ, ჩვენი ხელწერაა ის, რომ პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა რა თქმა უნდა არის ძალიან მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.




