ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. აქცენტი ქვეყანაში პარტიების აკრძალვასა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე კეთდებოდა.

მომზადდა რეზოლუცია, რომელსაც ევროპელმა კანონმდებლებმა დღეს კენჭი უნდა უყარონ.

დებატების დროს დარბაზში ისმოდა საქართველოს ხელისუფლების როგორც კრიტიკული, ისე მხარდამჭერი განცხადებები.

ევროპარლამენტის წევრის, მალგოჟატა გოშევსკას განცხადებით, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხსა და ევროპას და მას პუტინს არ დაუთმობენ.

"ნება მიბოძეთ ეს ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი და მიეცით მათ ევროკავშირში გამგზავრების შესაძლებლობა. ნება მიბოძეთ ვთქვა, მოდით, ნუღარ შემოვიფარგლებით მხოლოდ დაგმობით, საქართველო ეკუთვნის სრულიად ქართველ ხალხს და ევროპას, ჩვენ მას პუტინს არ დავუთმობთ", - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკმა.

ევროპარლამენტის წევრის ტომაშ ფროელიხის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რეალურად კი ევროკავშირი მას როგორც პარტნიორს ისე უნდა უყურებდეს.

"ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ. თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვა? თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია.

შერჩევითი აღშფოთება - როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა, პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა ინტერპრეტირებულია შერჩევითი გზით, შერჩევითი მორალით და ეს მართლაც უთხრის ძირს ნდობას საერთაშორისო დონეზე, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ გავლენას.

რა არის საქართველოს პრობლემა? ის, რომ ქვეყანა ვითარდება, აქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენთვის საოცნებო იქნებოდა?! კარგი მმართველობის ინდექსით ის სინამდვილეში ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლაც კი დგას, ხოლო კანონის უზენაესობის კუთხით მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი მას პირველ ადგილზე აყენებს ცენტრალურ აზიაში. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ სინამდვილეში? ეს არ ეხება დემოკრატიას, საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს "ვოუკ" აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს შემდეგი უკრაინა. ეს არის ის, რაც უნდა გავიაზროთ.

ჩვენ საქართველოს უნდა ვუყურებდეთ როგორც პარტნიორს, როგორც ხიდს აზიისკენ. აი ეს არის რეალობა. კონფრონტაცია საქართველოსთან უბრალოდ არ შედის ჩვენს ინტერესებში", - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.