თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელისინკის კომისიაში განაცხადა, სადაც მოწმის სტატუსით იყო მიწვეული.

„სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა. მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, არჩევნები გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს“,- აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია ჩინური კომპანიისთვის გზის გაკვალვაში.

„რუსეთს და, ახლა სულ უფრო მეტად ჩინეთს, აქვთ პირადი ინტერესი ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის, ავტორიტარიზმის ორბიტაზე ჩვენი ხელახლა ჩათრევის კუთხით, მაგრამ ქართველი ხალხი არ დანებებულა. მიუხედავად პროპაგანდისა, მმართველი პარტიის ღალატისა ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ, ქართველები კვლავ რჩებიან დასავლეთზე ორიენტირებული. გამოკითხვა აჩვენებს უდიდეს მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისადმი. ხალხს კვლავ სწამს თავისუფლებისა და კვლავ სწამს შეერთებული შტატების. „მეგობარი აქტი“ ზუსტად წარმოადგენს იმ ტიპის მდგრად სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და რეფორმატორებს გადარჩენაში.

„მეგობარი აქტი“ აგზავნის ყველაზე ძლიერ სიგნალს. საქართველოს დემოკრატიული მომავალი კი რჩება აშშ-ს სტრატეგიულ პრიორიტეტად. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა დარჩეს ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენების ქვეშ“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი"