„ზარქუაზე დროს ნამდვილად არ უნდა ვკარგავდე, რომელიც ხან სახელმწიფო დეპარტამენტის მეთიუ მილერის დაცინვით არის დაკავებული და ხან კოლეგა დეპუტატების. სინამდვილეში ზარქუა, ყველაზე სასაცილოდ თავად გამოიყურები, რომ დეპუტატი გქვია, რადგან ხალხის პრობლემებზე უნდა ზრუნავდე და ამ დროს მასხარაობით ხარ დაკავებული პარლამენტში." - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა,  სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

"რაც შეეხება კანონს, რუსული კანონი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეთ გუშინ. მოღალატეობრივად და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, იმ ათიათასობით ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც გუშინ ჩვენ ვიდექით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ის დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგანან ბევრი თქვენგანის შვილი, მათი მეგობრები, თანაკურსელები, თანაკლასელები, თანატოლები, დები და ძმები. მაშინ მიხვდებით რეალურად, თუ რას აშავებთ, უშავებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში, ისე რომ ისე რომ ისინი არ დაიბეგრონ, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ იდებთ ჯიბეში, იმის ნაცვლად რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1 იანვრამდე განხორციელდება. ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.