თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხაზს უსვამს პეკინთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლებას ცდილობს.
„ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის თავისუფალ სამყაროში. მაგრამ პოლიტიკურად დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, რასაც ვხედავთ, მათ შორის ახლა, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტით და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობით, არის უკიდურესად საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ“, - მიიჩნევს ბოკუჩავა.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს.ქართული ოცნების თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.