„ქართული ოცნების“ მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა და ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკვე უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ჯარი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოქმედებებმა უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა“.

„ქართული ოცნების“ მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა და ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკვე უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ჯარი. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესს მოჰყვა არა მხოლოდ ერთობლივი სამხედრო მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ გაუქმება, არამედ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დახმარების გაქრობა, რისი დასტურიცაა 2025 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტიდან საქართველოს საკითხის ამოღება. ამაზე ღიად საუბრობდა ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.

სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ინიციატივას (GDDEI). აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გადახედვის პროცესს უკვე მოჰყვა ნატო-ს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვაც. ჩემი ინფორმაციით, დანიამ ასევე შეაჩერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (sngp) ფარგლებში ოთხწლიანი მრავალმილიონიანი პროექტი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად.

დანიამ 2023 წელს 27,12 მილიონი ლარი გამოყო საქართველოს თავდაცვის და სასწრაფო დახმარების დაწესებულების მომზადების, გაძლიერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა დანიის შიდა გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის დახმარების გაწევა მედეგობის გაძლიერებაში.

მეტიც, ჩემი სადეპუტატო წერილის საფუძველზე, დღეს უკვე გასაჯაროვდა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვის შესახებ, რაც მოიცავდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო, სამედიცინო, ლოგისტიკურ, საინჟინრო და კიბერთავდაცვის სერვისთა პოტენციალის გაძლიერებას შესაბამისი არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა თუ მომსახურების მიწოდებით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან ამ მიზნისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 63 მილიონ ევრომდე იყო გამოყოფილი.

შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა ჩვენს ჯარს და თავდაცვისუნარიანობას, მიუხედავად ნატო-ს თუ ევროკავშირის ქვეყნების არაერთი გაფრთხილებისა, არ მიეღოთ კრემლის მიერ შთაგონებული რუსული კანონი.

ამიტომ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამ სიმძიმით დაზიანებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მის მთავრობას და უმრავლესობას, რომელიც ვერც კი ბედავს, უპასუხოს ქართულ ჯარს, რატომ ჩააყენა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა. ამ დიდი ზიანის მიუხედავად, ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და შევინარჩუნოთ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობა, არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვება, რაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან გაშვებით მოხდება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.