„ქართული ოცნების“ წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პროკურატურას არჩევნებთან დაკავშირებით მასალა უნდა მიაწოდოს.
შარმანაშვილის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგები დამალა, რადგან მათი შედეგები ცესკო-ს შედეგებს დაემთხვა, ახლა კი იძულებული არიან, პროკურატურას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვინაიდან ხმამაღლა განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბება მოხდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნით გამოძიება დაიწყო. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული იყვნენ მონიტორინგში და რომელთაც შეიძლება აღმოაჩნდეთ მასალა, რომელიც გაყალბების შესაძლო ფაქტს უარყოფს ან დაასტურებს, მათ ამ მასალას გამოართმევენ და სწორიც არის. ეს რა გასაკვირია, „სამართლიანი არჩევნები“ ადგეს და მასალა მიაწოდოს. ყალბ მასალას თუ მიაწოდებენ, ამაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ „პივიტის“ მასალები რატომ დამალეს? – დამალეს, რადგან მათთვის სასარგებლო შედეგები არ იყო, რადგან მათი შედეგები ცესკო-ს შედეგებს დაემთხვა. ახლა იძულებული არიან, პროკურატურას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ისფედში“ განაცხადეს, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომლითაც სთხოვენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნას. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.